Tuesday, December 14, 2021

საახალწლო კომპლექსური დავალება

         


         ვინაიდან,  მალე ახალი წელი დადგება, კომპლექსური დავალებაც სახაალწლო თემატიკის შევთავაზე ჩემს მოსწავლეებს: აირჩიე მწერალი, ლიტერატურული პერსონაჟი, კინოს ან მულტფილმის გმირი და გაუკეთე საშობაო დეკორი მას. დავალების შესრულებისას გაითვალისწინე- შენი არჩეული გმირის სულიერი მდგომარეობა, პიროვნული მახასიათებლები და ეპოქა რომელშიც ცხოვრობს/ცხოვრობდა. პრეზენტაციისას ისაუბრე როგორ გამოიყენე გმირის პიროვნული მახასიათებლებისა და ეპოქის ცოდნა დავალების შესრულებისას.
            მოსწავლეები, მთელი კვირა, დიდი ხალისით, მუშაობდნენ დავალების შესასრულებლად. გიზიარებთ მართლაც ულამაზეს ნამუშევრებს 💗



ლიკა შონია: ჩემი პირველი დეკორი ეძღვნება 30 ვაჟის მამას, სულხან საბას იგავიდან -,,ძალა ერთობისა" . ამ იგავის თანახმად , ძველად ცხოვრობდა მეფე, რომელსაც ოცდაათი შვილი ყავდა. ერთ დღესაც, როდესაც იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მან უხმო შვილებს და სთხოვა მათ 30 ისრის მოტანა. შეკრა ისინი ერთ კონად და გადატეხა დააპირა, მაგრამ ვერ გადახეტა. შემდეგ თითო-თითოდ სცადა ისრების გატეხვა, და ადვილად შეძლო ეს. ამის შემდეგ შვილებს უთხრა: „თუ ერთად იქნებით, მტერი ისევე ვერ გაგტეხთ, როგორც მე ვერ გავტეხე შეკრული ისრების კონა. თუ დაშორდებით ერთმანეთს, ცალ-ცალკე მტერი ადვილად დაგლეწავთ“. ჩემი დეკორიც, სიმბოლურად, ერთ მუშტად შეკრელი ხალხის სიმბოლოა რომელსაც მტერი ვერ დაამარცხებს.
ლიტერატურულ კლუბში გავარჩიეთ ფრანც კაფკას ,,მეტამორფოზა“. ნაწარმოები ძალიან უჩვეულოდ იწყება.გრეგორი ზამზა არის ადამიანი, რომელიც დილას იღვიძებს და აღმოაჩენს რომ მწერად არის ქცეული. იგი ძალიან რთულად ეგუება თავის გარდასახვის პროცესს. მოძრაობა უჭირს და რაც მარტივად შეუძლია ესაა უყუროს ჭერს. ჩემი მეორე საშობაო დეკორი მისთვისაა, ის მაგრდება ჭერზე. ვფიქრობ, გრეგორი ზამზას არ გაუჭირდება მისი შემჩნევა და ეს განწყობას გამოუკეთებს მწერად ქცეულ ადამიანს.



ილია ჯინჯოლავა: ჩემი საშობაო დეკორი ეძღვნება ვაჟა ფშაველას. მოგეხსენებათ მთის მგოსანს როგორ უყვარდა ბუნება, ეს ხის ქერქი ,,ხმელი წიფლის" სიმბოლოა, ხოლო ეს ფრინველები, რომელიც შევეცადე ბუებს დამსგავსებოდა, მისი დამოკიდებულების გამოხატვაა ბუნებისადმი. თქვენ როგორ ფიქრობთ, მოეწონებოდა ვაჟას ეს დეკორი?! 😁😊




ანი ქარდავა: ამას წინათ, ნიკო ლორთქიფანიძის საშობაო მინიატურებს გადავაწყდი. მინიატურაში თერძი, რომელიც ძველებურად ვეღარ ხედავს, შობის ღამეს ბრუნდება ხელცარიელი, სამსახურიდან. ამბობს რომ სამსახურში გალანძღეს და გამოუშვეს და მართლებიც არიან რადგან უკვე თვალში აკლია , ღილები უკუღმა დააკერა და არასწორად დააგვირისტა. ეს მინიატურა ძალიან სევდნიანია ჩემთვის,იმისათვის რომ ბრმა თერძის თვალებს არ სწვავდეს ცრემლები ეს დეკორი მისთვისაა, ღილებისგან შექმნილი ნაძვის ხე. ⛄
რაც შეეხება ჩემს მეორე დეკორს, ის დავაკავშირე ერთ ლეგენდას. ლეგენდის მიხედვით იესო რომ დაიბადა ,ყველა ხე მივიდა მასთან, ნაძვის ხე კი იდგა და არ იძვროდა,ჩუმად ტიროდა.-რატომ არ მიდიხარ იესოსთან მისალოცად?-ჰკითხეს ხეებმა,
-მე რომ ჩხვლეტია წიწვები მაქვს მეშინია ყრმას რაიმე არ ვატკინო-უპასუხა ნაძვის ხემ. -რა კეთილი ყოფილხარ აღფრთოვანდნენ ხეები. გადმოცემის თანახმად: ამის გამო ღმერთმა დაასაჩუქრა ნაძვი.მისი გირჩები სხვადასხვა ფერად შეღება,მორთო ტკბილელითა და ფერად-ფერადი სათამაშოებით,ცას ვარსკვლავი მოწყვიტა და გვირგვინად დაადგა.სწორედ ამიტომ ნაძვის ხის წვერზე მდგარ ვარსკვლავს “შობის ვარსკვლავი” უწოდეს და შემდეგ ნაძვის ხე მუდმივად ირთვება. ამ ლეგენდის შთაგონებით ჩემი დეკორი ნაძვისხეა, მჩხვლეტავი წიწვების გარეშე.😍



ბორის მორგოშია: ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მე-7 საუკუნეში, ინგლისელი მღვდელი გაემგზავრა გერმანიაში, ქრისტეს რჯულის საქადაქებლად. ადგილზე მისულმა მოძღვარმა მრევლს ნაძვის ხის სამკუთხოვან ფორმაზე აუხსნა სამების (მამა, ძე და სულიწმინდა) არსი. ამგვარად მრევლმა სწორედ ნაძვისხესთან მოახდინა წმინდა სამების დაკავშირება. ჩემი მკვეთრად გამოხატული სამკუთხოვანი ნაძვისხის შთაგონებაც ეს ლეგენდაა, ამიტომ ამ დეკორს ვუძღვნი ამ ინგლისელს მღვდელს.
ჩემს მეორე დეკორს კი გიტოვებთ ამოცანად 😁😁
😍





















მეგი ჭანტურია: ლიტერატურის მოყვარულთა კლუბში, ერთ-ერთ შეხვედრაზე, განვიხილეთ ჯეიმს ჯოისის ნოველა- ,,ეველინი", რომელიც ძალიან სევდიანად დამთავრდა. ეველინი უნდა გაქცეულიყო თავის შეყვარებულთან ერთად, გემით, მაგრამ ბოლო მომენტში ძალას ვერ პოულობს საკუთარ თავში ახალი ცხოვრების დაწყებისთვის. თავისი შეყვარებული გემს მიყვება და ეველინი რჩება ნაპირზე მარტო. არ მინდოდა მეფიქრა თითქოს ამით დამთვარდა ყველაფერი, ვფიქრობ სახლში დაბრუნებული ეველინი მუდმივ ტანჯვაში იქნებოდა, სულ იმაზე იფიქრებდა რომ ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა, ჩემი დეკორი არის წერილი, წერილი ეველინისთვის თავისი შეყვარებულისაგან, ვფიქრობ ეველინს ეს ყველაზე მეტად გაახარებდა და თავის ერთფეროვან ცხოვრებაში სიცოცხლის ნაპერწკალს შეიტანდა.😊
როცა ლიტერატურის კლუბში გალაკტიონის საღამო გვქონდა, მივაქციე ყურადღება რომ ბევრ ლექსში გამოყენებული აქვს ვარსკვლავი როგორც სატრფოს მეტაფორა, ჩემი მეორე საშობაო დეკორიც ამიტომ ავირჩიე, ის ეძღვნება გალაკტიონს. ვფიქრობ, მას მოეწონებოდა ჩემი დეკორი.💥
ჩემი მესამე დეკორი - კვების პროდუქტებისგან დამზადებული ნაძვის ხე, ძნელი გამოსაცნობი არაა თუ ვის ეძღვნება. ყველამ კარგად ვიცით ლუარსაბის პირობნული თვისებები ილიას უკვდავი ნაწარმოებიდან ,,კაცია-ადამიანი?!“ , ლუარსაბს იმდენად უყვარდა ჭამა, რომ დარწმუნებული ვარ მას ჩემი დეკორი ძალიან გაახარებდა.😊🫓🥞




ნინო ფიფია: განსაკუთრებულად მიყვარს აკაკი წერეთლის სპოემა- ,,გამზრდელი“, ამიტომ შევეცადე დეკორის ელემენტი ამეღო ამ პოემიდან : ,,ის ფაცხაა მღვიმის პირას მიწნული და მიგრეხილი, დრო და ჟამის შესაფერად ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი“. ეს ფრაზა გახდა ჩემი დეკორის შთაგონების წყარო და გავაკეთე ფაცხის კარი, რომელიც მუდამ ღიაა და საშობაოდ ყველა შეყვარებულს შეუძლია შესვლა და ბედნიერებით ტკბობა.😍
ჩემი მეორე დეკორი-ქაღალდებისაგან დამზადებული ნაძვის ხე ეძღვნება ლამაზისეულს,ნაწარმოებიდან- ,,კაცია ადამიანი". მოგეხსენებათ, ლამაზისეულის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა იყო ფანჯარაზე მინების ნაცვლად გაკრეული გაქონილი ქაღალდის დაჩხვლეტა. ვფიქრობ ახალი წელი რომ გადაივლის და ამ ნაძვისხეს დაშლის ლამაზისეული, შეუძლია ისევ გააკრას ფანჯარაზე და გააგრძელოს თავისი საყვარელი საქმიანობა 😁😁



ანანო აბრალავა: გამიხარდა დავალებაში მულტფილმის გმირებიც რომ შედიოდნენ. ,,წუნა და წრუწუნა" ადრეც ძალიან მიყვარდა და ახლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ . მოგეხსენებათ თაგვების საყვარელი საცმაცუნო თხილი და კაკალია , შესაბამისად, ჩემი დეკორიც სწორედ რომ წუნა და წრუწუნას ეკუთვნის.
ჩემი მეორე დეკორი კი ეძღვნება ბურატინოს, ალექსანდრე ტოლსტოის ზღაპროს გმირს. ალბათ გახსოვთ როგორ იწყება ეს ზღაპარი, ხურო ჯუზეპე აღმოაჩენს ხის მორს, რომლის დამუშავებას დაიწყებს და ნახავს რომ მორი ესაუბრება, ჯუზეპე ამ მორს საჩუქრად აძლევს მის მეგობარს კარლოს, რომელიც მორისგან ხის კაცუნას გააკეთებს და დაარქმევს მას ბურატინოს. ვფიქრობ ბურატინოს გაუხარდებოდა თავისი მატერიისგან შექმნილი თოვლის ბაბუა, ბოლოს და ბოლოს ახალ წელს ხომ ყველა იმსახურებს საჩუქარს! 🥰


დათა ძაძამია: სულხან საბას აქვს ასეთი იგავი ,, მეფე და მისი შვილი". სიუჟეტი ასე ვითარდება- მეფე დაბერდა და გაამეფებს თავის ვაჟს,თან ეტყვის მე სანამ ცოცხალი ვარ განძს არ ახლო ხელი და რომ მოვკვდები მერე ჩემი სულისთვის გლახაკებს დაურიგეო. შვილი კარგად მეფობდა მაგრამ ერთი უცნაური ჩვევა ქონდა,ღამით ცხენზე შეჯდებოდა და ლამპარს წინ კი არ წაიმძღვარებდა, უკან მიიდევნებდა. ამ ამბავმა მეფის ყურამდეც მიაღწია და როცა მეფემ სთხოვა აეხსნა რას ნიშნავდა ეს საქციელი მან ასე უპასუხა: სიკვდილის მერე გაცემული განძი იგივეა რაც უკან მიდევნებული ლამპარიო, მეფე მიხვდა თავის შეცდომას და დაიწყო გლახაკთათვის განძის გაცემა. ჩემი დეკორიც ამ მეფისთვისაა, რომელსაც არ უმდა დაავიწყდეს რომ ლამპარი წინ უნდა წაიმძღვაროს, ანუ ჯერ სიკეთე უნდა აკეთოს.


ეკა ქარდავა: მე ხშირად ვათვალიერებ ინტერნეტში განთავსებულ ახალგაზრდა პოეტების ლექსებს, ამას წინათ ვნახე მელანო ზუკაკიშვილის ლექსი ,,რა ლამაზია ეს გირჩები" , წარმოგიდგენთ მონაკვეთს ლექსიდან:
,,რა ლამაზია ეს გირჩები ჩვენ რომ ვაგროვებთ.
რა ლამაზია, მის ნაკვთებში ფიქრებს ვაგროვებ.
მაგრამ შრებიან გირჩები და გაიშლებიან....
ყვავები სხედან. ირგვლივ ნისლი. გარეთ ქარია.
ყვავები სხედან და ალვებზე ქარი შრიალებს.
ვეჭვრობ, ლეკვები მგლისანი რომ ალგეთს არიან
და ეს ცხოვრებაც დაუნდობლად გვაიშვიათებს....
რა შუაშია, მაგრამ ბოლოს ერთს დავამატებ-
მინდა უღრუბლო, თბილმზიანი სამშობლო გქონდეს!
უკიდურესი დერბენტიდან ფსოუს საზღვრამდე“.
ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა გირჩის ნაკვთებში ფიქრების შეგროვება, სწორედ ეს მოტივია ჩემი დეკორის შთაგონების წყარო. ამიტომ ჩემი დეკორი ეძღვნება ლექსის ავტორს-მელანოს.


ბესიკ მორგოშია: ჩემი საშობაო დეკორი გავაკეთე ,,ხაზარულას“ შთაგონებით. ამიტომ მას მინდა მივუძღვნა. ამ ნაწარმოებიდან გამოვარჩევდი ერთ მონაკვეთს- როცა ხაზარულას ჭრიან, მისი ტანიდან მოედინება წითელი სითხე. თურმე, მის ფესვებს გაუტეხავს მიწაში ჩაფლული ქვევრი და ეს სითხე ღვინო ყოფილა. შევეცადე, ეს ბოცა ქვევრის სიმბოლოდ გამომეყენებინა, ხოლო ეს ტოტები ხაზარულაა.


მარიამ ციმინტია: ჩემი პირველი დეკორი ეძღვნება ტერენტი გრანელს. ძირითადი აქცენტი გავაკეთე პოეტის სულიერ მდგომარეობაზე. ტერენტი ჩემთვის ტრაგიზმით და სასოწარკვეთილობით სავსეა. მის ლექსებში იგრძნობა მისი პიროვნული სიმარტოვე. ვიცით რომ სიდუხჭირეში ცხოვრობდა,ხშირად ავადმყოფობდა, ხშირად ფიქრობდა სიკვდილზე, ჩემი დეკორიც მაქსიმალურად მარტივია. არ არის გადატვირთული მხიარული მოსართავებითა და ფერადი ბაფთებით. პოეტივით სევდიანია. ვფიქრობ ტერენტის სულთან ეს დეკორი ახლოსაა.
ალბათ, ყველას წაგიკითხავთ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,,უკუღმა დაჭედილი“, სიუჟეტი ასეთია:ორი ბიჭი მოალაჯებს ორღობეში,რომლებსაც ჯიბეები კაკლებით აქვთ გამოტენილი,ხელში კი წიწაკები უჭირავთ. შეხვდებიან 13-14 წლის ჯიხვას,რომელიც ბიჭებთან ნიძლავს დებს, თუ ის შეძლებს წიწაკების ჭამას ყველა კაკალი მისი უნდა გახდეს, თუარადა ბიჭებს უნდა მისცეს კურდღლები. თუმცა ის ვერ ახერხებს წიწაკების ჭამას. ჩემი მეორე დეკორიც ამ სიუჟეტის შთაგონებით მოვიფიქრე. წიწაკებიანი ნაძვისხე ეძღვნება სწორედაც ჯიხვას 😊
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ვალერი მასწავლებელს, რომელიც დამეხმარა დეკორისთვის ღერძის გაკეთებაში.



ლუკა ქარდავა : ქართულის ერთ-ერთ გაკვეთილზე განვიხილეთ ომარ ხაიმის ფრაზა, რომელიც ასე ჟღერს: ,,ერთ ფანჯარაში ორი იყურებოდა,ერთმა დაინახა წვიმა და ჭუჭყი, მეორემ მწვანე ფოთლები, გაზაფხული და ცისფერი ცა. ერთი ფანჯრიდან ორი იყურებოდა" ძალიან დამაინტერესა ამ ფრაზამ და ფანჯრის ალეგორიამ, ფანჯარა როგორც ზღვარი ჩვენსა და გარე სამყაროს შორის... ვფიქრობ, გარე სამყაროს აღქმა მაინც ჩვენი შინაგანი სამყაროდან მოდის... ასე რომ ჩემი დეკორის ადრესატი ომარ ხაიმია, სწორედ ამ ფრაზის გამო. ფანჯარა როგორც ხედვის განსხვავებული საშუალება საინტერესო მიგნება იყო ჩემთვის.



მარიამ ფიფია: კინოკლუბის ერთ-ერთ შეხვედრაზე ვნახეთ მაჯიდ მაჯიდის ფილმი -ზეცის შვილები. ფილმმა იმდენად დიდი ემოცია დატოვა ჩემში, რომ გადავწყვიტე ჩემი საშობაო დეკორი მივუძღვა ფილმის მთავარ პერსონაჟს ალის. ფილმის სიუჟეტი ასეა: და-ძმა ერთი ფეხსაცმლით დადის სკოლაში. გამოცხადდება კონკურსი სირბილში, ვინც მესამე ადგილზე გავა მას ფეხსაცმელებს ჩუქმიან. ალი გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას რომ მესამე ადგილზე გავიდეს და მოგებული ფეხსაცმელები თავის დას აჩუქოს. ალი დახეული ფეხსაცმით მონაწილეობს შეჯიბრში, ის ძალიან დაიღლება და ვერ აცნობიერებს გარემოს, უბრალოდ მთელი ძალით მირბის. ისე მოხდება რომ ალი პირველ ადგილზე გადის, ხოლო ფეხსაცმელებს კი ჩუქნიან მესამე ადგილზე გასულს. ამიტომ გადავწყვიტე ფეხსაცმელი ყოფილიყო ჩემი საშობაო დეკორის ნაწილი.
მე ძალიან მიყვარს ქართული ფილმები, ჩემი ერთ ერთი ფავორიტი ქართული ფილმია ,,შერეკილები". ფილმში არის ასეთი სცენა, მარგარიტას მოაკითხავენ თვითმფრინავით, თვითმფრინავზე კიბეს მიაყუდებენ რომ მარგარიტაც გაფრინდეს ერთაოზთან და ქრისტეფორესთან ერთად, თუმცა მარგარიტას ქმარი კიბეს ჩამოაგდებს და მარგარიტა ვერ ახერხებს ასვლას. ჩემი მეორე დეკორი ეძღვნება მარგარიტას, რომ მანაც შეძლოს ასვლა თვითმფრინავზე და რაც მთავარია შეძლოს გაფრენა 😍



დემეტრე ძაძამია: ხანდახან ბლოგზე წავაწყდები საინტერესო ლექსებსა და ჩანახატებს რომლებიც არც ისე ცნობილია, ამასწინათ ვნახე გიორგი საჯაიას ლექსი- ,,მე ვცხოვრობ წიგნში", იქ არის ერთი ფრაზა: ,,ჩერდები როგორც შუქნიშანთან და გზას აგრძელებ" ... მაშინ დავინტერესდი თუ რას შეიძლება ფიქრობდნენ ადამიანები შუქნიშანზე იმ რამოდენიმე წამს, ეს თითქოს წამების შეჩერებას გავს ცხოვრების მდინარებაში.... ჩემი დეკორი შუქნიშანია და გადავწყვიტე იგი პოეტის მუზას მივუძღვნა, შეამჩნევდით რომ ჩემს შუქნიშანზე მხოლოდ წითელი ფერია, იმ წამების სიმბოლოდ, როცა ყველამ ვიცით საკუთარი თავი, ყველაფრის გარეშე.



ლევან მოსიძე: ძალიან გამახარა ამ დავალებამ 😊 გადავწყვიტე ხის ნაძვისხე გამეკეთებინა, ძალიან ვისიამოვნე მუშაობის პროცესში. გადავწყვიტე ჩემს სკოლას მივუძღვნა ჩემი დეკორი 😊
ყველას გილოცავთ დამდეგს!
და ბოლოს- ესეც ჩემი დეკორი 😊
შთაგონების წყაროა ფრაზა ,,ვეფხისტყაოსნიდან"- ,,ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა..."
ჩემი საახალწლო დეკორი კი მივუძღვენი ჩემს მოსწავლეებს 😍
ყველას დიდი მადლობა ასეთი ჩართულობისთვის ! 🙏😍❤

























































































No comments:

Post a Comment

3 მარტი - დედის დღე

ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები.  მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...